English / ქართული / русский /
რუსუდან პაპასკირილუკა პაპასკირი
საპენსიო სისტემის რეფორმები საქართველოში

ანოტაცია. სტატიაში „საპენსიო სისტემის რეფორმები საქართველოში" განხილულია საპენსიო სისტემისდა პენსიის არსი, მისი არსებობის საჭიროება, განვითარების პერიოდები, მისი პირველი დამფუძნებელი მსოფლიოში, საპენსიო სისტემის სახეები, დაგროვებითი საპენსიო სისტემის პრობლემა საქართველოში.

საქართველოში 2018 წელს საპენსიო რეფორმის განხორციელება (რაც დაგროვებითისაპენსიო სისტემის შემოღებით  გამოიხატა) სტატიაში ახსნილია ხანშიშესული მოსახლეობის მნიშვნელოვანი მატებით, რაც წლიდან წლამდე ზრდიდა ბიუჯეტიდან მათთვის გასაცემ საპენსიო ხარჯებს. აქედან გამომდინარე, დაგროვებითისაპენსიო სისტემის შემოღება სტატიაში ჩათვლილია ეფექტურ ღონისძიებად, მხოლოდ გამოთქმულია გარკვეული ეჭვი მისგან დადებითი მოლოდინის შესახებ.  ამ ეჭვს საფუძვლად უდევს ავტორის მიერ ქ. თბილისის მოსახლეობაში ამ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 57,5%არ ენდობა ახალ საპენსიო სისტემას, ნაწილობრივ ენდობა  29,5%,ხოლო ენდობა 20%.

ავტორი თვლის, რომ ნეგატიურად განწყობილი მოსახლეობის ასეთ დიდ ხვედრით წილს განაპირობებს როგორც ქვეყნის, ისე ინფლაციის არასტაბილურობა,რომელმაც შეიძლება მთლიანად გააუფასუროს დაგროვილი საპენსიო თანხები.

საკვანძო სიტყვები: პენსია, განაწილებითისაპენსიო სისტემა; დაგროვებითისაპენსიო სისტემა; მოსახლეობის დაბერება.

შესავალი

ქვეყნის ხანდაზმულ მოსახლეობაზე ზრუნვა, ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ მიზნით საჭირო რესურსი ძირითადად ბიუჯეტიდან იხარჯება. ამდენად, პენსიის სიდიდე ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობაზეა დამოკიდებული. ამას ემატება მოსახლეობის დაბერების პროცესის ინტენსივობა და ხანდაზმულთა რიცხვის მატება. 2016 წელს, როცა დაიწყო საქართველოში საპენსიო რეფორმის გატარების მოსამზადებელი სამუშაოები, ქვეყანა ორივე ამ გამოწვევის პირისპირ იდგა. 

ძირითადი ტექსტი 

საპენსიო სისტემა ხანდაზმულობის ასაკში მოსახლეობის ჯანმრთელი, უსაფრთხო სიცოცხლისთვის არის შექმნილი. მისი ძირითადი კომპონენტი არის პენსია. პენსია, ეს არის სახელმწიფოს მიერ არაშრომისუნარიანი მოქალა­ქე­ების­თვის რეგულარული, უწყვეტი ფულადი გადახდა, რომელიც ინიშნება საპენსიო ასაკის მიღწევის, ინვალიდობის დადგენის, ოჯახის მარჩენალის გარდაცვალების, ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის შემთხვევაში.

საპენსიო სისტემის ფორმირება ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიმართულებას, რაც სიბერეში მყოფ მოსახლეობაზე ზრუნვით გამოიხატებოდა. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს მთავრობამ თავის თავზე აიღო ეს ვალდებულება. პირველი ქვეყანა, სადაც საპენსიო უზრუნველყოფის სისტემა დაინერგა, იყო გერმანია. 1989 წელს, კანცლერ ოტო ფონ ბისმარკის ინიციატივით, გერმანიაში მიიღეს სიბერისა და შრომისუუნარობის დაზღვევის კანონი და შეიქმნა სოციალური დაზღვევის სისტემა. იგი ფინანსდებოდა სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და დასაქმებულთა შენატანებით.

საქართველოში პენსიების შემოღება რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მის შესვლას უკავშირდება და იმ დღიდან დაწყებული, საქართველოს საპენსიო სისტემა იყო თავდაპირველად რუსეთის საპენსიო სისტემის, ხოლო შემდეგ – საბჭოთა კავშირის საპენსიო სისტემის ანალოგიური.

როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მან მემკვიდრეობით საბჭოთა განაწილებითი საპენსიო სისტემა მიიღო. გადანაწილებითი საპენსიო სისტემა ცნობილია როგორც „Pay as you go" და იგი გულისხმობს დღევანდელი დასაქმებულის მიერ გადახდილი გადასახადიდან დღევანდელი ხანდაზმულების პენსიის ფორმირებას [1, გვ. 160]. ასე მოვიდა საქართველო 2018 წლამდე, ანუ მანამდე, სანამ საქართველოში არ გატარდა საპენსიო რეფორმა და გადანაწილებითი საპენსიო სისტემა არ შეიცვალა დაგროვებითი საპენსიო სისტემით. ამის აუცილებლობის მრავალი მიზეზი არსებობდა, მაგრამ მათ შორის მთავარი იყო დემოგრაფიული პრობლემები და მოსახლეობის დაბერება.

მოსახლეობის დაბერება გლობალური, შეუქცევადი და გარდაუვალი დემოგრაფიული პროცესია. დღეს ეს მოვლენა ყველა ქვეყნისთვის დიდ გამოწვევად იქცა, რადგან დღეს დემოგრაფიულ განვითარებას ახასიათებს შობადობის შემცირება და სიცოცხლის გახანგრძლივება, რისი შედეგიც არის მოსახლეობის ინტენსიური დაბერება, ანუ შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება. არსებობს პროგნოზი, რომ 2015-2055 წლებისთვის ევროპაში შრომისუნარიანი მოსახლეობა 20%-ზე მეტით შემცირდება, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემცირებასაც [2, გვ. 7].

მსგავსი პროგნოზი აქვს საქართველოს დემოგრაფიულ ვითარებასაც. თუ დღეს საქართველოს მოსახლეობაში 65 წლის და უფროსი ასაკის პირთა წილი 7%-ია, 2050 წლისთვის იგი 23%-ს მიაღწევს [3]. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს დასაქმებულთა დატვირთვის კოეფიციენტის გაზრდას და  მოხდება მოსახლეობის დაბერების ზრდის ხარჯზე. დღევანდელი დასაქმებული ახალგაზრდა თავისი გადასახადით პენსიას „აძლევს" დღევანდელ ხანდაზმულს. როცა დასაქმებულ ახალგაზრდებსა და ხანდაზმულ პენსიონერთა თანაფარდობა მკვეთრად ირღვევა, ანუ პენსიონერთა რიცხვი მკვეთრად იზრდება, მაშინ ახალგაზრდების ეკონომიკური ტვირთი მეტად მძიმდება [4, გვ. 118] და იგი ქვეყნის ბიუჯეტზეც ნეგატიურად აისახება [5, გვ. 118-120]. თუ 2015 წელს საქართველოში ასაკით პენსიონერების პენსიით უზრუნველ­ყოფისთვის საჭირო იყო 1303 მლნ ლარი, 2018 წლისთვის ამ სახსრებმა შეადგინა 1605 მლნ ლარი, ე. ი. გაიზარდა 23%-ზე მეტად. ეს გამოიწვია იმან, რომ 2015 წელს, საქართველოში ირიცხებოდა 707709 პენსიის მიმღები, 2018 წელს კი – 745001. არსებობს ვარაუდი, რომ 2050 წლისთვის პენსიონერთა რაოდენობა, მოსახლეობის 25%-ს მიაღწევს  [1, გვ. 94].

2023 წლის მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 3,14 მლრდ ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის აქტიური მონაწილეობით შეიმუშავა საპენსიო რეფორმის მოდელი, რომელიც გულისხმობდა გადანაწილებითი მოდელის ჩანაცვლებას დაგროვებითი საპენსიო მოდელით. ქვეყნის მთავრობამ გაითვალისწინა ის მდგომარეობა, რომ 65 წელზე უხნესი მოსახლეობის ხვედრითი წილი ქვეყანაში საგრძნობლად მატულობს და თუ ასე გაგრძელდა, და ამის პროგნოზი თვალსაჩინოა, მომავალში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გაუჭირდება ხანდაზმულთა უზრუნველყოფა პენსიით. ეს გადაწყვეტილება უცებ არ მიღებულა. განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, რომ თუ სახელმწიფო პენსიის ოდენობა მომავალში გაიზრდებოდა საშუალო ხელფასის ზრდის პროპორციულად, მაშინ საპენსიო ხარჯები 2060 წლისთვის მშპ-ის 10% გახდებოდა და ეს მდგომარეობა, მწირი საბიუჯეტო რესურსების გამო,  საქართველოს საპენსიო სისტემის მდგრადობას საფრთხეს შეუქმნიდა. განიხილებოდა დამატებითი რესურსების მოძიების გაზრდის საკითხიც, კერძოდ, გადასახადების გაზრდით, მაგრამ საქართველოში ამ ღონისძიებას არავინ დაუჭერდა მხარს. ასე რომ, დაგროვებითი პენსიის შემოღება იყო სრულიად სწორი ნაბიჯი, თუმცა როგორ იმუშავებს იგი, ეს მომავალ წლებში გაირკვევა. ეს არა მხოლოდ პირადად ჩვენი, არამედ ფართო საზოგადოების აზრიცაა, რომლის ერთ ნაწილთან  ამ საკითხზე კვლევა ჩავატარეთ. ჩვენი მიზანი იყო გაგვერკვია,  საზოგადოების განწყობა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ.

კვლევამ მოიცვა ქ. თბილისში მცხოვრები 18 წელზე მეტი ასაკის 100 ადამიანი (მ. შ. 57 ქალი, 43 მამაკაცი). კვლევა ჩატარდა პირისპირ. რესპონდენტებისთვის დასმული იყო 10 კითხვა, რომლებიც დაგროვებითი პენსიის შემოღებასთან მათ დამოკიდებულებას ეხებოდა (იხ. ცხრილი 1). მათი დიდი ნაწილის პასუხი ან იყო უარყოფითი, ან საკითხში გაუთვითცნობიერებლობის გამო კითხვას უპასუხოდ ტოვებდა.  მაგალითად, კითხვაზე – „მოგწონთ თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა?" 45%-მა უარყოფითი პასუხი („არა") გაგვცა, 24,2%-მა კი – „არ ვიცი" გვიპასუხა. თითქმის ასეთივე შედეგები მივიღეთ ყველა საკვანძო კითხვებზე. ჩვენი აზრით, ასეთი შედეგი დადგა იმიტომ, რომ საპენსიო რეფორმის გატარებით მის შესახებ არ გავათვითცნობიერეთ საზოგადოება, არ გავმართეთ სჯა-ბაასი, გნებავთ, კამათი მედიასაშუალებებში, სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებსა და კავშირებში და  ა. შ. 

ცხრილი 1

ქ. თბილისში მცხოვრები 100-კაციანი ფოკუს-ჯგუფისდამოკიდებულება

დაგროვებით პენსიის შემოღებაზე საქართველოში

კითხვები

%-ში

  1. ხართ თუ არა დასაქმებული?

Þ     დასაქმებული

Þ     უმუშევარი

Þ     სტუდენტი

Þ     თვითდასაქმებული

 

5,2

11,5

21,8

61,5

  1. მოგწონთ თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა?

Þ     დიახ

Þ     არა

Þ     არ ვიცი

 

0,8

45,0

24,2

  1. საიდან მიიღეთ ინფორმაცია ახალი საპენსიო სისტემის შესახებ?

Þ     მედია-საშუალებიდან

Þ     დამსაქმებლებიდან

Þ     ახლობლებისგან

Þ     სხვა გზებით

 

61,2

13,1

9,3

16,4

  1. როგორ შეაფასებთ ახალ საპენსიო სისტემას?

Þ     ნეგატიურად

Þ     პოზიტიურად

Þ     არ ვიცი

 

47

14,5

37,5

  1. შეიტანდით თუ არა ცვლილებებს საპენსიო სისტემაში?

Þ     დიახ

Þ     არა

 

23,7

76,3

  1. რამდენად ენდობით ახალ საპენსიო სისტემას?

Þ     ვენდობი

Þ     არ ვენდობი

Þ     ნაწილობრივ ვენდობი

 

21,3

57

21,7

  1. რამდენად ენდობით საქართველოს საპენსიო სააგენტოს?

Þ     ვენდობი

Þ     არ ვენდობი

Þ     ნაწილობრივ ვენდობი

 

15,3

71

13,7

  1. რა იქნებოდა თქვენი სიბერის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალება?

Þ     სავალდებულო დაგროვებითი სისტემა

Þ     ნებაყოფლობითი დაგროვებითი სისტემა

Þ     სახელმწიფო გადანაწილების საპენსიო სისტემა

Þ     არ ვიცი

 

 

14,0

41,0

45,0

  1. თვლით თუ არა, რომ ახალი საპენსიო სისტემით თქვენი დანაზოგები მართლაც მნიშვნელოვნად გაიზრდება?

Þ     დიახ

Þ     არა

Þ     არ ვიცი

 

10,4

32,5

57,5

  1. ახალ საპენსიო სისტემაში თქვენს სავალდებულო ჩართვაზე რა აზრის ხართ?

Þ     არ მიმაჩნია სწორად

Þ     სწორად მიმაჩნია

Þ     არ ვიცი

 

41,6

21,4

37,0

  1. იცნობთ თუ არა და ენდობით თუ არა იმ პიროვნებას, რომელიც მართავს საქართველოში საპენსიო ფონდს?

Þ     არ ვიცნობ და არ ვენდობი

Þ     ვენდობი

Þ     ნაწილობრივ ვენდობი

 

 

100

  1. რას ურჩევდით საქართველოს საპენსიო ფონდის ხელმძღვანელს სად დააბანდოს ფონდში დაგროვილი სახსრები, რომ თქვენი საპენსიო შემოსავლები მაქსიმალურად გაიზარდოს?

Þ     საქართველოს ბანკებში

Þ     უცხოეთის ბანკებში

Þ     საქართველოს ტოტალიზატორებსა და კაზინოებში

Þ     საქართველოს სარესტორნო ბიზნესში

Þ     საქართველოს სამშენებლო ბიზნესში

 

 

 

5,2

10,3

4,7

30,8

49,0

ამას ემატება ის რისკები, რაც საქართველოს მოსახლეობამ ნახა საბჭოური შემნახველი სალაროს ანაბრების დაკარგვით, შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს კერძო ბანკებში („ამიკო", „ოქროს თევზი" და სხვები) შენახული ფულის დაკარგვით, საქართველოდან ამ ბანკების გაქცევით და სხვა. ამ ყველაფერმა საქართველოს მოსახლეობას ნდობა დაუკარგა როგორც სახელმწიფო, ისე კომერციული (კერძო) ინსტიტუტების მიმართ, არადა დაგროვებითი საპენსიო პოლიტიკა სწორედ მოსახლეობის ნდობაზე დგას და, რადგან საქართველოში მოსახლეობა მას არ ენდობა, ამიტომ 40 წლამდე ასაკის დასაქმებული მოსახლეობისთვის იგი სავალდებულო გახადეს. მართალია, დასაქმებულებს უარის თქმის უფლებაც მისცეს, მაგრამ ამ უარის უკან „იმალებოდა" სამსახურის დაკარგვის დიდი შიში, რის გამოც, უარის თქმის მსურველთა 90% დათანხმდა.

კითხვაზე – „იცნობთ თუ არა და ენდობით თუ არა იმ პიროვნებას, რომელიც საპენსიო ფონდს მართავს საქართველოში?" რესპონდენტთა 100%-მა გვიპასუხა, რომ არც იცნობენ და, რა თქმა უნდა, არც ენდობიან. ასეთ დროს, ეს არის პირი, რომელსაც უფლება აქვს დამოუკიდებლად განკარგოს ფონდის აქტივები [6, გვ. 148)].

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში (5 მაისი, 2023 წ.) განაცხადა, საქართველოში უკვე დაახლოებით 10 მლნ ლარია გაცემული დაგროვილი პენსიის სახით. დაახლოებით 3000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა მათ მიერ დაგროვილი თანხით. ამ დროისთვის ფონდში უკვე 3.3 მლრდ ლარია დაგროვილი, ხოლო საინვესტიციო საქმიანობიდან ზედ დარიცხული სარგებელი შეადგენს 500 მლნ ლარს.

თუმცა, როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, ბევრ გამოკითხულ რესპონდენტს  ეს უსარგებლო ბეგარად მიაჩნია (გვ. 7).

გამოკითხულ რესპონდენტებს მიაჩნიათ, რომ შეგროვილი საპენსიო ფონდი ბანკში კი არ უნდა იყოს განთავსებული, როგორც ამჟამად არის, არამედ საქართველოს სამშენებლო ბიზნესში (49%) და სარესტორნო ბიზნესში (30,8%). რესპონდენტები უპირატესობას სამშენებლო ბიზნესს იმიტომ აძლევენ, რომ მათთან საინვესტიციო შეთანხმების პირობებში გარანტად სამშენებლო ფართობი შეიძლება ჩაიდოს, რომელსაც ფონდი მიიღებს მშენებლების მხრიდან შეთანხმების  დარ­ღვევის შემთხვევაში. 

დასკვნა. სახელმწიფო გადანაწილებითმა საპენსიო სისტემამ დღემდე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ასაკოვანი მოსახლეობის სიღარიბის შემცირებაში. დღეს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა დაბერების, ე. ი. ხანდაზმულთა მნიშვნელოვანი მატების დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ისეთ მწირ საბიუჯეტო რესურსების პატრონს, როგორიც საქართველოა, გაუჭირდებოდა გადანაწილებითი საპენსიო პოლიტიკით პენსიონრების პენსიით უზრუნველყოფა. ამიტომ გადაიდგა სრულიად სწორი ნაბიჯი და ქვეყანა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადავიდა. ამ ღონისძიებების ნაკლი მხოლოდ ის იყო (და არის), რომ მას მოსახლეობა მოუმზადებელი შეხვდა. სათანადო სახელმწიფო ინსტიტუტებს არ ჩაუტარებიათ ამ საკითხზე გაშლილი, ფართო საინფორმაციო კამპანია. ეს ან ამ ღონისძიების გატარების დაჩქარების გამო მოხდა, ან იქ დასაქმებული კადრების უცოდინრობით. მათგან არცერთი საპატიო არ არის.  სახელმწიფო ორგანოების ორიენტირი ყოველთვის უნდა იყოს საქართველოს მოსახ­ლეობა, მით უფრო ისეთ საკითხებში, რომელიც მოსახლეობის საკუთარ ფულს ეხება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. უროტაძე ჯ., „საქართველოს საპენსიო პოლიტიკა და მსოფლიო გამოცდილება". თბ., 2018.
  2. Рональд Л. Эндрью М. (2017). Цена старения. Финансы и развитие".
  3. UN (2017). World Population Prospects: The 2017 Revision. NY: United Nations, Department of Economic and Social Affairs
  4. Bergtsson T. & Scott J. (2010). The Ageing Population, the Case of Sweden. Springer
  5. წიკლაური შ., „მოსახლეობის დაბერება საქართველოში, როგორც ქვეყნის ეკონომიკის დემოგრაფიული ხაფანგი", ჟურნ. „ეკონომისტი", ტ. XIII, №3, 2017.
  6. მაისურაძე მ., „საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამების აღრიცხვის საკითხები", თსუ-ის საერთაშორისო კონფერენცია – „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები". შრომების კრებული, თბ., 2014.
  7. პალიტრა ნიუსი, 5 მაისი, 2023.